logo
ENG



"არ გვაქვს რუსული ოცნების მართული მილიციის იმედი" - დღეს საღამოს დაგეგმილი აქცია გაუქმდა

08 ივლ 202317:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/08/ij760tld558v6r1.jpg

ორგანიზატორების ცნობით, აქცია "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" არ ჩატარდება, რადგან მათი თქმით, ადამიანის სიცოცხლეს აფასებენ და "რუსული ოცნების მართული მილიციის იმედი არ აქვთ".

მოძრაობა ჯიუტის და ტალღას მიერ ორგანიზებული აქცია დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტთან უნდა გამართულიყო. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც Tbilisi Pride-ის ორგანიზებული ფესტივალი ჰომოფობიურმა და აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა ჩაშალეს. 

"რადგან ჩვენ, რადიკალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ვაფასებთ ადამიანის სიცოცხლეს და არ გვაქვს რუსული ოცნების მართული მილიციის იმედი, ვიღებთ მძიმე, მაგრამ ერთადერთ გონივრულ გადაწყვეტილებას და ვაუქმებთ საღამოს დაანონსებულ ღონისძიებას.

ადამიანის უფლებებს დავიცავთ ყოველთვის." - წერს მოძრაობა ტალღა

დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.

ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან მობილიზებულები.

 

close დახურვა